"პანორამა თბილისი", "პარაგრაფი" შეკვეთილში, სასტუმრო აბასთუმანში, წყალტუბოს სასტუმროები - ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წელიწადში ამ ყველაფრის გასხვისებას გეგმავს, თანაც საბაზრო ფასზე ნაკლებად. რატომ ყიდულობს ან აშენებს ძვირად და რატომ ყიდის შემდეგ იაფად - ამის ახსნას ბიძინა ივანიშვილი ვრცელ ინტერვიუში შეეცადა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოში განხორცილებულ ინვესტიციებს სოციალურ პროექტებს უწოდებს, თუმცა როგორც ოპონენტები მიიჩნევენ, ასეთი ინიციატივები სწორედ იმის დასტურია, რომ ინვესტიციები არ არსებობს, ხოლო უმუშევრობა და სიღარიბე ქვეყნის მთავარ პრობლემად რჩება. პოლიტიკური ოპონენტები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გააქტიურებას წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებენ. ივანიშვილმა კი, დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საკუთარი ქონების 90 %-ს ქველმოქმედებაზე დახარჯავს.
ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ გამოცემა "ანტრეპრენერ" საქართველოს მისცა. 12 გვერდიან ინტერვიუში ძირითად ნაწილს გამოცემა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს უთმობს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. ინვესტორებს ორი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ, ეს არის 3 წლიანი მაქსიმალური ვადა პროექტის დასასრულებლად და ობიექტების კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნება. ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, ობიექტებზე ტენდერი გამოცხადდება თუ აუქციონის გზით გაიყიდება.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და მასში გაკეთებული მთავარი აქცენტები ოპონენტების მწვავე კრიტიკის თემა გახდა. პოლიტიკოსებს "ოცნების" თავმჯდომარის დაპირებების არ სჯერათ და თვლიან, რომ ივანიშვილის მიზანი არა ქველმოქმედება, არამედ საკუთარი ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესებია.
ბიძინა ივანიშვილი ვრცელ ინტერვიუში სხვა პროექტებზეც საუბრობს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შეკვეთილში მდებარე "პარაგრაფის" მსგავსად, რომელმაც ევროპაში "მარიოტებს" შორის პირველი ადგილი მოიპოვა, წარმატებული იქნება "პანორამა თბილისიც".
ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ "პარაგრაფმა" ბლექსი არენასთან ერთად საკუთარი ფუნქცია შეასრულა და შავი ზღვის სანაპირო რეგიონი კონკურენტუნარიანი გახადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროექტების ფასი ინვესტიციის რელევანტური, ზოგ შემთხვევაში კი მასზე ნაკლები იქნება.
სხვადასხვა პროექტებზე და ქველმოქმედებაზე საუბრის დრო ბიძინა ივანიშვილი მის მთავარ ქველმოქმედებად პოლიტიკაში მოსვლას ასახელებს. ის, რაც ბიძინა ივანიშვილს მთავარ ქველმოქმედებად მიაჩნია, მისი ოპონენტებისთვის დივიდენდების დაგროვების მცდელობაა.
დღეს ინტერვიუში ოპონენტებმა ივანიშვილისგან შეთავაზებაც მიიღეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პოლიტიკოსებს პროცესებზე მონიტორინგს სთავაზობს და ამბობს, რომ 3 წელიწადში მის საკუთრებაში აღარც ერთი სასტუმრო აღარ იქნება.