18 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
სანდრო ბრეგაძე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას აანონსებს

მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარეს ქართული დრამა "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჯერ არ უნახავს, მაგრამ ამბობს, რომ მისი პრემიერა ვერ ჩატარდება.

სანდრო ბრეგაძემ დღეს ხმაურიანი პროტესტი დააანონსა. იმის გამო, რომ ფილმის მთავარი სიუჟეტი გეი წყვილის სიყვარულს ეხება - მოძრაობა კინოთეატრის ბლოკირებას გეგმავს.

შემოქმედებით ჯგუფში, რომელიც ქართულ-შვედური დრამის შემქმნელია, არ აპირებენ აგრესიას უპასუხონ. ფილმის პროდიუსერის თქმით, პროექტის მთავარი გზავნილი სიყვარული და სიმშვიდეა.

ამ ტიპის რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა მთავარი როლის შემსრულებლებისთვის. სწორედ ამ გამოხმაურებების გამო მსახიობებმა როლის შესრულებაზე თანხმობამდე ბევრი იფიქრეს. ფილმის დასრულების შემდეგ კი თვლიან, რომ "და ჩვენ ვიცეკვეთ" იქნება ის, რაც ადამიანების ნაწილის ცნობიერებას მნიშვნელოვნად შეცვლის.

ახალგაზრდა იურისტები მოძრაობა "ეროვნულების" განცხადებას მუქარად აფასებენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჯარო განცხადება შესაბამისი სამსახურების მხრიდან სათანადოდ უნდა შეფასდეს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება შეიზღუდება, ქმედება უნდა აღიკვეთოს.

წარმოშობით ქართველი და შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" ოსკარზე ელოდებიან, საქართველოში კი პრემიერას ჩაშლით ემუქრებიან. კინოჩვენებებზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. დაანონსებული პროტესტის გამო კი კინოთეატრთან მობილიზებული იქნებიან სამართალდამცველები.

დღის ამბები