18 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების ათეულშია - რა საფრთხეებზეა საუბარი Freedom House-ის ანგარიშში

ინტერნეტთავისუფლების მიხედვით საქართველო ლიდერი ქვეყნების რიგშია.  Freedom House-ის თავისუფალი ინტერნეტის რეიტინგის მიხედვით, საქართველო მეათე ადგილს იკავებს. 

კვლევა 65 ქვეყანაში ჩატარდა, რაც მსოფლიო ინტერნეტმომხმარებლების 87%-ს შეადგენს და დაფუძნებულია 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე მოპოვებულ მონაცემებზე.

რეიტინგის მიხედვით, ყველაზე თავისუფალი ინტერნეტი ისლანდაიშია,  ათეულში ასევე არიან ესტონეთი, კანადა, გერმანია, ავსტრალია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, სომხეთი, საფრანგეთი და საქართველო.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, ყველაზე თავისუფალი ინტერნეტი სომხეთშია, ნაწილობრივ თავისუფალია უკრაინაში, ხოლო ინტერნეტი თავისუფალი არაა აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში.

ჩინეთი, ირანი და სირია - ასე გამოიყურება ყველაზე არათავისფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების სამეული.

კვლევაში გამოყოფილია ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ქართულ ინტერნეტს უკავშირდება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ანონიმურმა აქტორებმა  დეზინფორმაციის გავრცელებით ინფორმაციული ლანდშაფტი დაამახინჯეს.

ამასთან საუბარია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფარული კადრების გავრცელებაზეც და ნათქვამია, რომ კადრების გავრცელება აშკარად მისი პოლიტიკური პოზიციების საპასუხოდ მოხდა.

ანგარიშში მოყვანილია სექსუალური განათლების აქტივისტის, თათია ახალაიას შემთხვევაც, რომელსაც სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოების გამო ინტერნეტში გაუპატიურებით და სიკვდილით ემუქრებოდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ზოგადად პატივს სცემდა ციფრული უფლებების დაცვას, რაც გამოიხატა იმაში, რომ ინტერნეტზე წვდომის უფლება ახალი კონსტიტუციით იქნა გარანტირებული, თუმცა რიგ მიმართულებებში ინტერნეტის თავისუფლებისადმი საფრთხე მაინც შენარჩუნდა.

Freedom House-ის თქმით,  ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბოტების და მომხმარებლების მხრიდან ტროლინგი განსაკუთრებით გაძლიერდა 2016 წლის ივნისში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების დროს. ამასთან, სიძულვილის ენა მნიშვნელოვნად მოქმედებდა ინტერნეტ ლანდშაფტზე და კვლევის ჩატარების პერიოდში ადგილი ჰქონდა ონლაინ დაშინების რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევას.

Freedom House-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები და დემოკრატიულობის ტრაექტორია აჩვენებდა გაუმჯობესებას 2012-2013 წლებში ხელისუფლების ცვლილებების დროს, თუმცა პროგრესი ბოლო წლებში სტაგნაციაშია. ოლიგარქ აქტორებს პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე დიდი გავლენა აქვთ და კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესებით იბლოკება.

დღის ამბები