"ქართული ოცნების" დეპუტატს სოფიო კილაძეს, რომელმაც ღიად ისაუბრა, რომ ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა ამაზე ისაუბროს. სალაძის თქმით, ამ ტიპის დანაშაული იმ კატეგორიის შემთხვევებს უნდა მიეკუთვნებოდეს, რაზეც სამართალდამცავთა მხრიდან შემწყნარებლობა არ უნდა იყოს.
"რეაგირებაზე როცა ვლაპარაკობთ, ასევე უნდა ვილაპარაკოთ პრევენციის ეფექტურ მექანიზმებზე, ეს შეიძლება იყოს საგანმანათლებლო საქმიანობა, სპეციალური პროგრამები, ეს შეიძლება იყოს ყველას მობილიზება საიმისოდ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს ნაკლები და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებმა ისაუბრონ, როდესაც ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებაზე და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, სამართალდამცავ ორგანოებში განსაკუთრებულ მგრძნობელობაზე, რომ ამ ტიპის დანაშაულები და ქმედებები წარმოადგენდეს იმ კატეგორიის შემთხვევებს, რაზეც შემწყნარებლობა არ უნდა იყოს"- განაცხადა სულხან სალაძემ.
ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ აქვთ.
"ეს ქალები ამ სამართალდამცავ სტრუქტურასთან რჩებიან მარტო, ხანდახან და ხშირად, ფსიქოლოგიური სტრესია ეს ბრძოლა ამ ქალებისთვის. შეიძლება, ბოლომდე ვერ მივიდეს ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ აღმოაჩინოს, რომ არ აქვს არანაირი საშუალება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. იმ მოტივით, რომ შვილები გადაარჩინონ, ქუჩაში არ დარჩნენ, დაბრუნდნენ, რომ ამ შვილებს ჰქონდეთ მინიმალური თავშესაფარი მაინც და ეს თავშესაფარი არის ძალადობრივი,"- განაცხადა იდა ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, დეპუტატმა სოფიო კილაძემ "კურიერთან" დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.