2018 წელს თბილისის მერიაში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა. ეს ერთი-ერთი შედეგია, რაზეც IDFI ბოლო კვლევაში საუბრობს. 17-გვერდიან დოკუმენტში "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" იმასაც წერს, რომ შტატგარეშე თანაშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად 2018 წელს, 2017-თან შედარებით, გაზრდილია მათი ანაზღაურებაც. სხვაობა 3.4 მილიონ ლარს შეადგენს. კვლევის მიხედვით, ამავე პერიოდში შემცირებულია შტატიანი თანამშრომლების რიცხვი და მათი ანაზღაურებაც - 4 მილიონი ლარით. შედეგები, როგორც ავტორები ამბობენ, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა.
"წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა შეიმჩნევა 32%-ით, რაც ასევე ვფიქრობთ რომ საკმაოდ დიდი თანხაა. ასევე შევისწავლეთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს ხარჯები, რომელიც 2018 წლის თებერვალში შეიქმნა და რომლის მიზანიც იყო გაეერთიანებინა მერიის სტრუქტურული დანაყოფების პიარსამსახურები. თანამდებობის პირების სარგო 2018 წელს გაიზარდა, თუმცა ესეც დანამატის ხარჯზე მოხდა, რასაც 2017 წელს დანამატს იღებდნენ, ეს თანხა სრულად გადავიდა თანამდებობრივ სარგოში და ფაქტობრივად არ აღინიშნება დიდი ზრდა ანაზღაურებაში,"- აცხადებს IDFI -ის ანალიტიკოსი მარიამ გოგიშვილი.
მერიასთან ერთად IDFI-მ საკრებულოს ხარჯებიც შეისწავლა. კვლევის მიხედვით, 2018 წელს 461 000 ლარით გაიზარდა საკრებულოს უშტატო თანამშრომლების ხელფასები, საშტატოსი კი 171 000 ლარით შემცირდა. კვლევის ავტორებმა ხელფასების გარდა თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა მივლინებების, საწვავისა და სარეკლამო ხარჯებიც დათვალეს.
IDFI-ს მიგნებები არ უკვირთ "ნაციონალურ მოძრაობაში". უფრო მეტიც, საკრებულოს ფრაქციაში საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ შტატგარეშე თანამშრომლებთან ერთად გაზრდილია საშტატო თანამშრომლების რაოდენობაც და მათი ანაზღაურებაც. კონტრაქტზე მყოფ დასაქმებულთა რიცხვის მატებას უმრავლესობის პოლიტიკური ოპონენტები ნეპოტიზმით ხსნიან.
"შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების როგორც რაოდებობა, ისე ანაზღაურებაც გაზრდილია და ეს ცალსახად დაკავშირებულია იმასთან, რომ ასაქმებენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს, მეფობს ნეპოტიზმი. ახლობლები, ბიძაშვილები, ნათესავები - ეს კატეგორიაა დასაქმებული მერიაში და ამის ხარჯზეა გაზრდილი," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლილე ლიპარტელიანი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ კახა კალაძე ბიუჯეტის ხარჯზე თავის გუნდს ასაქმებს. ამასთან, გაბაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ შტატგარეშე თანამშრომლებზე ნაკლები გარეკონტროლია და დამსაქმებლის მხრიდან მათი მართვის მეტი საშუალებაა.
"პირველ ეტაპზე ამის მიზეზი იყო, რომ კალაძემ მოიყვანა "თავისი გუნდი“ და არ გაუშვა ნარმანიას დასაქმებული ხალხი, უბრალოდ, პარალელური ხალხი მოიყვანა და 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ანაზღაურება მისცეს. მერე მოეწონათ შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა, რომელზეც ნაკლები კონტროლია და ბევრად მეტი საშუალებაა მათი მართვის. პირად გუნდებს იკეთებს ბიუჯეტის ხარჯზე," - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
ის, რაც ოპოზიციისთვის ნეპოტიზმი და კახა კალაძის პიარზე დახარჯული თანხაა, მმართველი გუნდისთვის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნების შესრულება და საზოგადოების ინფორმირებაა.
"სახელფასო ფონდი და ანაზღაურება არ გაზრდილა ჯამურ მაჩვენებელში. კანონში შესული ცვლილებების თანახმად ჩვენ დაგვევალა ტექნიკური პერსონალის სახელშეკრულებო პირობებზე გადაყვანა. საშტატო თანამშრომელი იქნება თუ ხელშეკრულებით, ამას საზოგადოებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საზოგადოებისთვის მთავარია გავაკეთოთ ის, რასაც დავპირდით და ხედავთ, რომ ამას ბევრად უფრო ეფექტურად ვაკეთებთ," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.
IDFI-ის კვლევა 2017-2018 წლებს მოიცავს. ამ პერიოდში თბილისს ორი მერი ჰყავდა: მოქმედი და მისი წინამორბედი. კახა კალაძემ თქვა, რომ კვლევას არ იცნობს და მოკლე განმარტებებით შემოიფარგლა. კვლევის შედეგებზე ვრცელი განმარტება გააკეთა დავით ნარმანიამ.
კალაძის თქმით, ყველა ცვლილება და ხარჯი განპირობებულია აუცილებლობიდან გამომდინარე.
"ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, განპირობებულია და მიმართულია აუცილებლობიდან გამომდინარე. ალბათ ამის საჭიროება იყო, ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, ამის საჭიროება იყო და იქნა გამოყენებული," - განაცხადა კახა კალაძემ.
დავით ნარმანიამ თავისი მმართველობის დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ პერსონალის აყვანა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ხდებოდა.
"მინდა ხაზგასმით დავადასტურო ის, რომ კანონმდებლობით დადგენილ ლიმიტზე მეტი ხელშეკრულებით აყვანილი პერსონალი ჩვენ არ გვყოლია და კანონმდებლობას ნამდვილად ვიცავდით. ის, თუ ხელფასგარეშე დანამატები რანაირად და როგორ გაიცემოდა, ეს გაიცემოდა მოწესრიგებული ფორმით, შესაბამისად, ასევე კანონმდებლობიდან გამომდინარე,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულო, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას 2019 წლის თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს. ოპოზიციის წინასწარი შეფასებებით, მოსალოდნელია, რომ განხილვა ხმაურიანი იქნება.