მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე, სიტყვიერი შუამდგომლობით, ჯერ კიდევ, ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა.
თუმცა მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, ექს-პრეზიდენტს შეწყალების კომისიამ არ ურჩია მამალაძის შეწყალება და მან თავი შეიკავა.
გარდა ამისა, მეუფე ნიკოლოზმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ მიიღო წმინდა სინოდმა დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის გადაწყვეტილება.
"პირველივე სინოდის სხდომაზე, მე პირადად გამოვედი და გავაკეთე განცხადება, რომ გვეშუამდგომლა ხელისუფლების წინაშე, რომ წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ დეკანოზი გიორგი მამალაძე. მაშინ მეუფე პეტრე არ იყო ის, ვინც მხარი დამიჭირა.
სინოდმა უშუამდგომლა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინაშე, რომელიც იყო თანახმა, რომ შეეწყალებინა. ეს იყო სიტყვიერი შუამდგომლობა და არ იყო სინოდის დასკვნა. შეწყალების კომისიამ არ დაადასტურა, არ ურჩია პრეზიდენტს და მარგველაშვილმა თავი შეიკავა შეწყალებისგან. ეს არის ფაქტი, რომელსაც წყალი არ გაუვა.
დეკანოზის ჯანმრთელობა არ იყო დამაკმაყოფილებელი და შესაბამისად მივიღეთ შუამდგომლობის გადაწყვეტილება. ჩვენზე უკვე აღარ არის დამოკიდებული, იმედია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს," - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.