18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
არის თუ არა ჩინჩალაძე ქეთევან ცინცაძის რეკომენდატორი - უვადო მოსამართლეობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს პასუხობს

უვადო მოსამართლეობის კანდიდატის ქეთევან ცინცაძის მოსმენა პარლამენტში გრძელდება.

პარლამენტის დეპუტატები დაინტერესდნენ, მფარველობდა თუ არა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველ ქეთევან ცინცაძეს,  მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრია და მას საზოგადოების ნაწილი "კლანის ხელმძღვანელადაც" მოიხსენიებენ.

როგორც დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ცინცაძე წლების განმავლობაში სწორედ ჩინჩალაძის თანაშემწედ მუშაობდა. დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი დაინტერესდა, მანამ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ჩინჩალაძესთან, - რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა მიუგო, რომ არ ჰქონია.

"​შვიდი წლის განმავლობაში იყავით თანაშემწე, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე, ის ითვლება ეგრეთ წოდებული კლანის ლიდერად, რომ არა თქვენი მუშაობა ამ ადამიანთან ან, რომ არა თქვენი საქმიანობა, როგორც ინსპექტორად იუსტიციის საბჭოში, თქვენ მოხვდებოდით ამ ოცკაციან სიაში?"- იკითხა რომან გოცირიძემ.

"ბატონო რომან, მე ვფიქრობ რომ მოვხვდებოდი, რადგან გამოვიარე ყველა ეტაპი," - უპასუხა მოსამართლეობის კანდიდატმა დეპუტატს და განმარტა:

"კონკურსი ისეთი გამჭვირვალე იყო, რომ გამოჩნდა ვის რა კვალიფიკაცია აქვს. ჩემთვის ცოტა გასაკვირია ეს კითხვა,"- განაცხადა რომან გოცირიძის საპასუხოდ ქეთევან ცინცაძემ.

ჩინჩალაძის პროტეჟეობის თემით ეკა ბესელიაც დაინტერესდა:

"თქვენ როცა აგირჩიეს ინსპექტორად, გქონდათ მისგან მხარდაჭერა?"- იკითხა ბესელიამ, რაზეც ქეთევან ცინცაძემ განაცხადა, რომ ჩინჩალაძე მისი რეკომენდატორი არ ყოფილა. 

"ის არ ყოფილა ჩემი რეკომენდატორი. თუ სადმე აფიქსირებდა ამას მე არ ვიცი,"- უპასუხა ქეთევან ცინცაძემ ბესელიას.

"არ გქონიათ კონსულტაცია? არა.... მე კიდე ვიცი, რომ გქონდათ ეს კონსულტაციები. მე მინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს გამბედავი, პირდაპირი, სანდო, კომპეტენტური მოსამართლე. მე ვფიქრობ, რომ თქვენ იქამდე უფრო ბევრი გზა უნდა გაიაროთ,"- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ქეთევან ცინცაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა მოსამართლის თანაშემწედ, ხოლო ბოლო პერიოდში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინსპექტორად მუშაობდა.

დღის ამბები