ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ატანას ზაპრიანოვი აცხადებს, რომ შავ ზღვაში შექმნილი ვითარება, რუსეთის ქმედებებით არის გამოწვეული.
"შავი ზღვის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ აუზის ქვეყნებისთვის, არამედ უფრო ფართო გაგებით, მათ შორის ნატოსთვის და ევროკავშირისთვის. სიტუაცია არ არის შავ ზღვაში იმდენად კარგი, რამდენადაც ამას ვისურვებდით. აქ არსებობს ქვეყნების საერთო პოლიტიკური ინტერესი გარდა რუსეთისა. შავ ზღვაში შექმნილი ვითარება კი რუსეთის ქმედებების შედეგია, მათ შორის 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციითა და 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიით,“ - აცხადებს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ატანას ზაპრიანოვი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საქართველოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, როზარია პულისის განცხადებით კი, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, შესაბამისად, თავად უნდა გადაწყვიტოს უსაფრთხოების რა გზებს აირჩევს.
"ჰელსინკის ფინალური აქტი, რომელსაც სხვათა შორის, რუსეთიც აწერს ხელს, ზუსტად ამას გულისხმობს. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რომელი კლუბის წევრი გახდეს და რომლისგან დაიჭიროს შორს თავი" - აცხადებს როზარია პულისი.
რუსული აგრესია, ჰიბრიდული საფრთხეები, ნატო, საქართველოს დასავლური კურსი და რეგიონის უსაფრთხოება - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების მეცამეტე კონფერენციაზე მსჯელობენ.
საქართველო მაღალი რანგის დელეგაციებს მასპინძლობს. ამერიკელი კონგრესმენები, დიპლომატები და ნატოს ჯარების სამხედრო მაღალჩინოსნები საერთაშორისო ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდნენ.