საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიიერარქი სკანდალში ეხვევა. სინოდის წევრ მიტროპოლიტს სტუდენტი მამაკაცების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. მეუფე ზოსიმეს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება აღარ სურს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ მეუფე ანტონს და აცხადებს, რომ საკითხს შესაბამისი კომისია მიხედავს, რომელიც საპატრიარქოშია შექმნილი:
"არ მინდა ამ თემის აჟიტირება, ეკლესიას ჰყავს კომისია და ისინი მიხედავენ ამ საკითხს,"- აცხადებს მეუფე ანტონი.
პოლიტიკური მოტივაციის მქონე პროვოკაციად აფასებს 80 - იან წლებში განვითარებულ პროცესებს მიტროპოლიტი იოანე:
"ეს იყო თავის დროზე პოლიტიკური მოტივით გამოწვეული პროვოკაცია, იყო წერილი, რომელშიც სიტყვა მამათმავლობა საერთოდ არაა ნახსენები, იყო თუ არ ვცდები ნახსენები უზნეო საქციელი. ამის გამო მეუფემ დატოვა თანამდებობა და ეს სტუდენტები გაირიცხნენ, მათი აღდგენა მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა ითხოვეს შენდობა. 30 წლის შემდეგ რატომ იწყებს ისევ ბინძურ ლაპარაკს ჩემთვის გაუგებარია," - განაცხადა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.
შეგახსენებთ, 80-იან წლებში სასულიერო სემინარიის რექტორს, ამჟამად წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმე შიოშვილს, მამა გიორგი სხილაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
საფრანგეთში მოღვაწე და საქართველოში დროებით ჩამოსული სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე, კახა კალაძეზე ძალადობა სცადა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. სტუდენტმა მომხდარის შესახებ წერილი მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს მისწერა, თუმცა უშედეგოდ. დაისაჯნენ მხოლოდ სტუდენტები - ისინი სასწავლებლიდან გარიცხეს. მამა გიორგი სხილაძე ამტკიცებს, რომ მეუფის ქმედებებზე ინფორმაცია ჰქონდა პატრიარქსაც. მომხდარის შემდეგ რექტორს თანამდებობა დაატოვებინეს, თუმცა მოგვიანებით ორჯერ დააწინაურეს.