მეუფე ზოსიმეს მხრიდან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის, კახა კალაძის მეგობარი თემურ კუპატაძე "კურიერთან" იხსენებს, რომ მეუფე ზოსიმეს მიმართ მსგავსი ბრალდებები ჯერ კიდევ 1982 წლიდან გაისმა.
თემურ კუპატაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, ნამდვილად კახა კალაძე იყო, თუ არა სემინარიის ის სტუნდენტი, რომელზე ძალადობის მცდელობაშიც მეუფე ზოსიმეს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მღვდელი, მამა გიორგი სხილაძე ადანაშაულებს.
"ეს პროცესი თვითონ, რაც მაშინ მეუფე ზოსიმესთან მოხდა, ეს არ იყო 1987-88 წლებში დაწყებული პროცესი. 1982 წელსაც ანალოგიურ პიროვნებებზე იყო მათზე უხამსი ჭორების გავრცელება. შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ეგზალტირებულია გარე ძალების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ და როცა ჩაფლავდა ეს პეტრეს გამოსვლა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, დაიწყო ახალი ტალღა. 1988 წლის დეკემბერში მოხდა რაღაც ძალიან ცუდი ინციდენტი, რასაც მაშინ გამოხმაურება არ მოჰყოლია, მათ შორისაც, ასე იყო გადაწყვეტილი, რომ ეს ეკლესიის მიღმა არ უნდა გასულიყო. კახა კალაძემ მე მომწერა, რომ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის შესაბამისი მდგომარეობა, ტენდენციური მდგომარეობაა, არ არის სივრცე, სადაც ყველა მხარე ილაპარაკებს,"- განაცხადა თემურ კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს მეუფე ზოსიმეს სემინარიის ყოფილი სტუდენტი, საფრანგეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძე სექსუალური ხასიათის ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.
მამა გიორგი სხილაძის ინფორმაციით, 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს, რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე, კახა კალაძეზე ძალადობა სცადა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. სტუდენტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს მიაწოდა, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ სტუდენტები დაისაჯნენ და ისინი სასწავლებლიდან გარიცხეს.
სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ის წერილიც გავრცელდა, რომელიც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლმა სტუდენტმა საპატრიარქოს მისწერა. რამდენიმე გვერდიან წერილში აღწერილია, სად და რა ვითარებაში ცდილობდა მეუფე ზოსიმე ეძალადა ახალგაზრდა სტუდენტზე.