"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" წევრების დაკავებას ითხოვს. თამთა მიქელაძის განცხადებით, თუ ამ ნაბიჯს ხელისუფლება დროულად არ გადადგამს მსგავსი ხელოვნური სოციალური კონფლიქტები ქვეყანაში ხშირი იქნება. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავრობა, მსგავსი ჯგუფებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივ შემწყნარებლობას იჩენს.
"ამ ჯგუფების მიმართ ჩანს სამართლებრივი შემწყნარებლობა ხელისუფლების მხრიდან. სხვა ინციდენტების დროს სხვა შეკრებების დროს ისინი აშკარად ძალადობის ორგანიზებას ახდენენ, მაგრამ მათ ლიდერებს სამართლებრივი პასუხიმგებლობა არ დაკისრებიათ. ჩვენი მოთხოვნაა ლევან ვასაძის და "ქართული მარშის" ლიდერების დაკავება და მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და თუ ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ მიიღებს ჩვენ მუდამ გვექნება მსგავსი ხელოვნური სოციალური კონფლიქტები,"- ამბობს მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"
ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი, მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.
დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.