ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ნაწილი იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს - ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ინტერვიუ პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ივანიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე საუბრისას ამბობს, რომ პროექტს პირადად აფინანსებს და ის დასრულებული სახით სახელმწიფოს გადაეცემა საჩუქრად. მისი თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტის საპატიო რექტორი მიუნხენის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი იქნება.
"ამ ფონზე რა თქმა უნდა ეს დასავლეთისთვის, მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს და აღმოსავლეთს, ის რაც ხდება დღეს თბილისში და ძირითადად თბილისშია უმაღლესი სასწავლებლები. სტუდენტების რაოდენობის გაყოფა და გადახარისხებაც კი მოხდება. ესეთი გადანაწილება კარგია და დასავლეთის რეგიონს დამატებით ხიბლს შესძენს. ეს უნივერსიტეტი იქნება მხოლოდ ნაწილი იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აპირებს და იცით ალბათ, რომ განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი 2021 წლიდან, ბიუჯეტის 25%, ეს ძალიან სერიოზულია,"- განაცხადა ივანიშვილმა.
ეკა ხვედელიძის თქმით, ეს არის არა პოლიტიკური პროექტი, არამედ მათი ოჯახის სურვილი, რომ მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეექმნათ
"ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი. როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც გადაეცემა სახელმწიფოს,"-აღნიშნა ეკა ხვედელიძემ.