18 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
"კათალიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის ავტორიტეტს რუსეთი გაანადგურებს" - საპატრიარქოს იურისტი მეუფე პეტრეს მუქარაში ამხელს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს რუსეთის ინტერესების გატარებასა და მუქარაში ადანაშაულებს. როგორც ქარჩავამ "კურიერთან" განაცხადა, მას დაუკავშირდა პეტრე ცაავა და გააფრთხილა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის რუსეთი საქართველოს ეკლესიას "დასჯიდა", რასაც დიდი პროცესები მოჰყვება. 

"ცოტა ხანში დაიწყებაო დიდი პროცესები, შენ უნდა მოემზადო ამისთვისო. მე რისთვის უნდა მოვემზადო-მეთქი და რუსეთის ეკლესიამ და რუსეთმა გარკვეული როლი ითამაშეს პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებაშიო. ვინაიდან ეკლესია თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, ცოტა ხანში კათალიკოს-პატრიარქის ავტორიტეტსა და ეკლესიის ავტორიტეტს რუსეთი გაანადგურებს და უკან წაიღებსო," - აღნიშნა ქარჩავამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

იურისტისვე განცხადებით, მეუფე პეტრე ნინო  ბურჯანაძეს რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობდა.

"გუშინ მან უკვე ცალსახად დაადასტურა, რომ არის ნამდვილად ამ პოლიტიკის გამტარებელი და ამ ბინძური ცილისწამების შემსრულებელი. ეს, სხვათა შორის, რამდენჯერმე დაადასტურა მეუფე იაკობმა, რომელმაც თქვა, რომ მეუფე პეტრეს აქვს კავშირები რუსეთის ეკლესიის მაღალ იერარქებთან. მე მითხრა და მანაც დაადასტურა, რომ  ჩართული იყო და ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა, რომ პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო და  არა მარგველაშვილი და პუტინსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაელაგებინა," - აღნიშნა ქარჩავამ.

მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებებიც პროკურატურაში დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი სექსუალურ კავშირს ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ახორციელებდა და სიჩუმის სანაცვლოდ ის ამაში ფულსაც იხდიდა.

დღის ამბები