ჭავჭავაძის სამგზირსა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ისევ პარალიზებულია. გაშლილია კარვები - ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, პროტესტის ახალ ფორმას გუშინ საღამოს მიმართეს - დაანონსდა, რომ გზაჯვარედინის ბლოკირება 24 საათი გაგრძელდებოდა- ეს დრო საღამოს 8 საათზე იწურება.
"საღამოს 7 საათზე, სადაც უკვე შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენ - ოპოზიციის წარმომადგენლები, უფრო სწორედ პოლიტიკური პარტიების იმიტომ, რომ ოპოზიცია აღარ ვართ, ესეც უნდა ვიცოდეთ. ოპოზიცია არის ის ხალხი, ვინც თვითმარქვიაა", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ 19:00 საათზე დაგეგმილია შეკრება, სადაც პროტესტის სამომავლო გეგმები გახდება ცნობილი.
"ჩვენ დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არ არის ერთ დღიანი, ეს არ არის 2-3-საათიანი. ჩვენ ფეხს არ მოვიცვლით აქედან. 19:00 საათზე უბრალოდ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ დიდი შეკრება გავაკეთოთ, რომ გაგაცნოთ შემდეგი გეგმები", - აცხადებს ელენე ხოშტარია.