18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
რუსეთთან დაკავშირებით მეუფე პეტრეს ხედვები ახლოს არის ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან - სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ხედავენ მეუფე პეტრე ცაავას განცხადებებსა და "ნაციონალური“ მოძრაობას“ შორის კავშირს, ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი თავისი მოსაზრებებით, რომელიც მან რუსეთთან დაკავშირებით გააჟღერა, ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან ახლოს დგას.

"რუსეთთან დაკავშირებით მისი ხედვები ვფიქრობ, რომ უფრო ახლოს არის ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან. მან ასევე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა ივანიშვილზე, გახარიაზე და ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გარკვეულ მიმართულებებთან, რაც ეხება სხვადასხვა პოლიტიკის საკითხებს“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს, პრორუსული მიმართულების შესახებ არაფერი საწინააღმდეგო არ უთქვამს.

"არაფერი საწინააღმდეგო არ უთქვამს პრორუსული ხაზის მიმართ. ეს სამწუხაროა და მძიმე სანახავია ყველასგან, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს ეკლესიიდან“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ მორიგ სკანდალურ განცხადებას აფასებს პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი.

მისი განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ვითარებით ეკლესია გაძლიერებული გამოვიდეს. ნარჩემაშვილის თქმით, მეუფე პეტრეს ეს განცხადებები ეკლესიას აზარალებს.

"მე რატომღაც იმედი მაქვს, რომ ეკლესიაში არსებობს რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს შეიძლება საფუძველი ჰქონდეს. არსებობს რესურსი იმისა, რომ ეკლესია ამ ვითარებიდან გამოვიდეს“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 

მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატურაშიც დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, ასევე ისაუბრა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი სექსუალურ კავშირს ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა და სიჩუმის სანაცვლოდ ის, ამაში ფულსაც იხდიდა.

დღის ამბები