18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"თავისი ნებით არ მიდიან არასდროს" - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბიზნესომბუდსმენმა პოსტი მთავრობის გადაწყვეტილებით დატოვა

ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებას  უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციაში.

 "ნაციონალურ მოძრაობაში" არ სჯერათ, რომ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, თანამდებობებს საკუთარი გადაწყვეტილებებით ტოვებენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბიზნესომბუდსმენმა პოსტი მთავრობის გადაწყვეტილებით დატოვა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ იქამდე, სანამ ომბუდსმენი მთავრობის დაქვემდებარებაშია, მისი როლი ქართული პოლიტიკის განვითარებაში ნულოვანი იქნება. 

"სანამ ომბუდსმენი იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში, მისი როლი ნულოვანი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებაში.  ეს ინსტრუმენტი გინდ ყოფილა და გინდ არა. ეს არის ფაქტობრივად, მთავრობის პროპაგანდისტული გადაწყვეტილება და მეტი არაფერი. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებას, ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თავისი ნებით, რომ არ მიდიან არასდროს, ეს ფაქტია," - აცხადებს რომან გოცირიძე.  

"ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ პრემიერ- მინისტრი ყველა სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებს ახორციელებს. მიზანი კი მათი საკუთარ თავზე მორგებაა. ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის მიერ თანამდებობის დატოვება სწორედ ამას ემსახურება.

"დღეს ქვეყანაში არის ძალიან ცუდი კლიმატი. რა თქმა უნდა, ბიზნესომბუდსმენის მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა რომელიმე პრემიერ -მინისტრის მსახური და არა ივანიშვილის მთავრობის ქმედებების გამართლება ნებისმიერი საშუალებით, არამედ ძალიან ხმამაღალი საუბარი იმ ბიზნესკლიმატზე, რაც ქვეყანშია შექმნილი," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები