განიხილავს თუ არა პარლამენტი მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს - ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობა" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას გეგმავს. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველ ძალას არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს საქმე, რომელიც მეუფე იაკობის მიერ გაჟღერებულ სკანდალურ ბრალდებებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ისინი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
"თუ მათ სურთ, გამოიძიებენ ობიექტურად. თუ არ შეიქმნება კომისია, პირდაპირ, ეს იქნება იმის დასტური, რომ არნახული გადატრიალება მზადდებოდა პატრიარქის შეცვლის სახით, რომელსაც ახდენდა "ქართული ოცნება", მისი ორი პრემიერი მინისტრისა და ძალოვანის მონაწილეობით, რომელსაც რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობდა ივანიშვილი, იმიტომ, რომ არც ერთი სახელმწიფო მოხელე არ მოქმედებს ავტონომიურად, ივანიშვილის დავალების გარეშე. არ იქნება გამოძიებული ეს საკითხი, მაშინ გამოიძიეს სხვა ხელისუფლება,"- აცხადებს რომან გოცირიძე.
ოპოზიციის განცხადებით, აუცილებელია სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინოს სურდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ილია მეორის, მისთვის სასურველი პატრიარქით ჩანაცვლება. ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს უჭერს "ევროპული საქართველო."
"სერიოზული განცხადებები გაკეთდა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი გაკეთებული, იმ პირისგან, რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული. ის, რომ მან მოინანია თუ შეინანია, როგორც ამბობენ ოცნების წარმომადგენელები, ეს არის აბსურდი. არ აქვს მნიშვნელობა მან რა მოინანია, ჯერ ერთი, მე არ გამიგია რომ შინაარსი უაერყოს. ყველა შემთხვევაში, დაკითხვა იმისთვის არსებობს, რომ იქ ცრუ ჩვენებისთვის არსებობს სასჯელი. ამის იგნორირება პროკურატურის მხრიდან არის დადასტურება, რომ ის ეჭვები არის საფუძვლიანი, რომ აქ სიმართლის ელემენტი იყო დიდი," - აცხადებს გიგა ბოკერია.