პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის სიტყვით გამოსვლას მისი და "ქართული ოცნების" წევრის, კობა ლურსმანაშვილის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
"ვინ დგას ბიჭო მაგის გვერდზე, შე მართლა ნაძირალა? შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე", - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა კობა ლურსმანაშვილს.
შელაპარაკება გოგიჩაიშვილის მწვავე განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ხელისუფლება ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
"ერთი ხელით ერთს ამბობდე და მეორე ხელით სხვას აკეთებდე, არ გრცხვენიათ მაინც? ალანია რომ დასვით აქ მოსმენაზე და ჯეირანაშვილი რომ დასვით და ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე მოსასმენად, არ შეგრცხვათ ამისი? სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ? ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი, არ შეგრცხვათ? სუსის მოადგილედ რომ გყავთ, ვიდეოში რომ არის, ორი გვამი მინდაო მერაბიშვილი რომ ითხოვს, იქ რომ ადამიანი დაფაცურდება და გაიქცევა, არ გრცხვენიათ ამის?"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მან პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართა და ჰკითხა, შერცხვა თუ არა საპატრიარქოსი, როდესაც პარლამენტში მარიხუანას კულტივაციის კანონს ლობირებდა.
"არ გრცხვენიათ, აზარტული თამაშის რეკლამა რომ ჩააგდეთ ბატონო ირაკლი, რომ იღიმით სანდომიანად, შენ გეუბნები პირადად, არ გრცხვენია? არ გრცხვენია, რომ შემოიტანე მარიხუანის კულტივაციის კანონი, არ შეგრცხვა მაშინ საპოატრიარქოსი ამ კანონპროექტს რომ ლობირებდი?"- მიმართა გოგიჩაიშვილმა კობახიძეს.
სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა კობა ლურსმანაშვილის პროტესტი, რაც შემდეგ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ გოგიჩაიშვილმა "ქართული ოცნებისა" და " ნაციონალური მოძრაობის" მმართველობებს შორის პარალელი გაავლო.
"თქვენ სისტემა ხართ. ესეც სისტემა იყო. ამათ აწამეს ეს ხალხი. ზუსტად იმ ხალხზე აპირებთ ახლა თქვენ ხელისუფლება დააშენოთ, ვინც აწამებდა. ალანია გახადეთ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის კანდიდატი და უვადო მოსამართლე. იცი ვინ იყო ალანია? აი, მუხროვანის ბიჭები ტყუილად, 30 წლით ციხეში რომ დატოვა აი ეგ ქალი იყო ალანია. ერთნაირები ხართ, გინდათ ავტორიტარიზმი, გინდათ სასამართლოსთვის ბრძოლა, ყველაფერი გინდათ, თან ფულის შოვნაც გინდათ. არც ის შეიძლება, მთავარი პროკურორი რომ გამოდის და იძახის, დასაჭერი არ დავიჭირეთო. რატომ არ დაიჭირეთ დასაჭერები თუ იყვნენ? კეზერაშვილს რატომ მოუხსენით ყველა ბრალდება სასამართლოში, რატომ აძლევთ საშუალებას ტელევიზიები აფინანსოს ამ ქვეყანაში ადამიანმა, რომელიც გაქცეულია ან რატომ ლაპარაკობთ მაგიდასთან ჩუმად, ვითომ არ ლაპარაკობთ ამ ხალხთან. ეს არის ორმაგი სტანდარტი," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.