ლილოს დასახლებაში 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონეს. შენობაში მოსახლეობა 90-იან წლებში შევიდა, თუმცა აქამდე ბიუროკრატიული ბარიერების გამო ბინების დაკანონება ვერ მოახერხეს.
სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული საცხოვრებლები ოჯახებმა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეიძინეს. დამადასტურებელი დოკუმენტები მათ თბილისის მერმა გადასცა.
"23 ოჯახს გადაეცა სიმბოლურ ფასად 1 ლარად ფართები, სადაც ისინი ათეული წლები ცხოვრობდნენ და გარკვეული პრობლემების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ," - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, კერძო საკუთრებები უკვე 700-მდე ოჯახს დაუკანონდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.