18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
პროპორციული არჩევნები ხალხის ნებაა და არა ერთეული დეპუტატების - "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას გამართავს

"არ გაბედო!" - ამ სახელწოდებით დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამოქალაქო პლათფორმა "სირცხვილია" საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო განხილვებიდან გამოიკვეთა, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საფრთხეშია.

"სირცხვილიას" წევრები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ და არ გაბედონ კანონპროექტის ჩაგდება.

მათივე განცხადებით, პროპორციული არჩევნები ხალხის ნებაა და არა ერთეული დეპუტატების.

"პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება! პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული დეპუტატების ნება!

2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!" - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები