სახალხო დამცველი პარლამენტის წევრებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მისი მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს. ნინო ლომჯარია ამ შინაარსის განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ომბუდსმენი წერს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება.
"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას! ეს არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, არამედ მისი მიღება უკავშირდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანი და პროპორციული არჩევნები, ხმის წონის თანაბრობა, გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით თანასწორობა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დღეს მასზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება!" - ნათქვამია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.