პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო მმართველობა ტირანიაში გადაიზრდება, ხალხს აჯანყების გარდა სხვა გზა არ რჩება. დიღმელაშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერის იმედი აღარ აქვს.
"ადამიანის უფლებათა კონვენციის ნაწილია, რომ თუ ხელისუფლება გადაიზარდა ტირანიაში და სხვა გამოსავალი არ აქვს ხალხს, ხალხს აქვს აჯანყების უფლება. თუ ჩვენ არჩევნებს მოგვპარავენ, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, ვიდრე არის მშვიდობიანი გზით, ყველანაირად ვეცადოთ გავისტუმროთ ეს ხელისუფლება. იმედია, ვერ გაბედავენ. ზუსტად მაგის სიგნალია, რომ ნახეს ეს კვლევები და ნახეს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვთ,"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი ეჭვქვეშ დადგა, პარლამენტის წინ აქციები განახლდა.
20-21 ივნისის აქციების მიმდინარეობისას, დაძაბული სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დააანონსა. მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი - ერთი ოპოზიციის და ერთი უმრავლესობის მიერ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 12 ნოემბრის კენჭისყრისას ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულმა კანონპროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მიიღო, უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტისთვის კი კენჭი ჯერაც არ უყრიათ. მაჟორიტარი დეპუტატები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა გადაიფიქრეს.