18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
აზრს არ შევიცვლი, კანონპროექტი აუცილებლად ჩავარდება - ხუნდაძე ივანიშვილის წინააღმდეგ მიდის

"ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მას შემდეგ, რაც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისთვის მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა გადაიდო, მედიასთან საკუთარი პოზიციის შესახებ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. ხუნდაძე ამბობს, რომ თანაგუნდელების მცდელობის მიუხედავად, ხვალამდე აზრს მაინც არ შეიცვლის და საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს  არ დაუჭერს.

"დღეს პროექტი აუცილებლად ჩავარდებოდა, მე ეს განვაცხადე, გავაფრთხილე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უმრავლესობა და ოპოზიციაც. ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სურვილია, რომ გავიდეთ შედეგზე, მაგრამ ნაკლები რყევების ხარჯზე,"- განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, მიდის თუ არა ის ამ ნაბიჯით პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ხუნდაძემ უპასუხა, რომ -"ასე გამოდის".

"აზრს არ შევიცვლი, გამორიცხულია, აქ მხოლოდ მე არ ვარ. ჩემი პოზიცია არის მყარი და უცვლელი, მაგრამ რაც არ უნდა მყარი ვიყო, ერთი ხმა არის ერთი ხმა. მთავარია, რომ თანამოაზრეები იყვნენ მყარად, რომ ხვალ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ ქაოსში. არგუმენტი არ არსებობს, რომელიც მე გადამარწმუნებს, მაგრამ, სამწუხაროდ არ არსებობს არგუმენტი, რომელიც უძლებს კრიტიკას, რომ მაჟორიტარული სისტემა ამ ფორმით, ამ რეალობაში და დღეს უნდა გაუქმდეს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის აქციების მიმდინარეობისას, დაძაბული სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დააანონსა. მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი - ერთი ოპოზიციის და ერთი უმრავლესობის მიერ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 12 ნოემბრის კენჭისყრისას ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულმა კანონპროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მიიღო, უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტისთვის კი კენჭი, ჯერაც არ უყრიათ.

მაჟორიტარი დეპუტატები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა გადაიფიქრეს.

დღის ამბები