"ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს" - ეს განცხადება მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მედიასთან გააკეთა. მისი თქმით, ეს იყო ხალხის მოთხოვნა, რის ასრულებასაც სახელმწიფო დათანხმდა და რისი შესრულებაც დღეს ეჭვქვეშ დგას.
"პროპორციული არჩევნები იყო ერთადერთი, რასაც დათანხმდა სახელმწიფო. რეალურად, ეს იყო არა სახელმწიფოს, არამედ ხალხის მოტანილი, ხალხის მოთხოვნა, რომელზეც თქვეს, რომ აასრულებდნენ. ახლა უკვე ეჭვის ქვეშაა შეასრულებენ თუ არა ამ ყველაფერს. შესაბამისად, როგორცაა, რომ ქარის მოტანილი ისევ ქარს მიაქვს, პირიქითაა - ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს,"- განაცხადა მაკო გომურმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი ეჭვქვეშ დადგა, პარლამენტის წინ აქციები განახლდა.
20-21 ივნისის აქციების მიმდინარეობისას, დაძაბული სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დააანონსა. მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი - ერთი ოპოზიციის და ერთი უმრავლესობის მიერ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 12 ნოემბრის კენჭისყრისას ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულმა კანონპროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მიიღო, უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტისთვის კი კენჭი ჯერაც არ უყრიათ. მაჟორიტარი დეპუტატები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა გადაიფიქრეს.