მთავრობის კაბინეტში ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ ბრძანება მთავრობის კანცელარიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამ ბრძანებით გაირკვა, რომ გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყება მიხელ ჩხენკელს ჩააბარა.
პრემიერ-მინისტრმა ამჯერად ფორმალობა არ დაიცვა და დაბრუნებული მინისტრი მედიის წინაშე არ წარადგინა.
როდის შეუდგება ძველი მინისტრი საქმიანობას უცნობია. ტრადიციულად ჩხენკელი მედიასთან საუბარს ერიდება. განათლების სფეროს სპეციალისტებმა დღეს ვერ გაიხსენეს ვერცერთი რეფორმა, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ასევე, უკან მობრუნებულ მინისტრს პოლიტიკური წონაც დაუწუნეს.
მიხელ ჩხენკელი, 2012 წლის არჩევნების შემდეგ განათლების სამინისტროში უკვე მეექვსე მინისტრია. მისი წასვლის შემდეგ, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის უწყებებთან გაერთიანდნენ.
"ოცნების" ხელისუფლების განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ ხელმძღვანელების ხშირი ცვლა უწყების მუშაობაზე არაეფექტურად აისახება. წინა ხელისუფლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი უწყების ისევ გაყოფის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ქართული ოცნება" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაყოფის აუცილებლობაზე მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის შემდეგ ალაპარაკდა.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციამ არაეფექტურად იმუშავა. ოპოზიციამ კი ბიძინა ივანიშვილს გასულ წელს გაკეთებული განცხადება გაახსენდება, სადაც მმართველი ძალის ლიდერი გუნდის განახლებაზე საუბრობდა.
მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების პოსტს 2017-2018 წლებში იკავებდა. შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მინისტრის მრჩეველი გახდა.
მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაცია, ჯიპას აკრედიტაციის შეჩერებაც, სადაც მინისტრი ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიღებული არ იყო.
მიხელ ჩხენკელი იყო უწყების ხელმძღვანელი ასევე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს, რის შემდეგაც განათლებისა და შსს-ს მაშინდელმა მინისტრებმა სკოლების უსაფრთხოების გამკაცრებაზე მუშაობა დაიწყეს.