რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ. მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც. პოლიტიკოსები მოქალაქეებს დღეს საღამოს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებენ. "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, პროტესტი არ უნდა შეჩერდეს და მოქალაქეებმა საკუთარი ღირსება უნდა დაიცვან.
"დღეს არის პრინციპული დღე, მე ვიცავ ჩემს ღირსებას და მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენი ღირსება დავიცვათ. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, დღეს შემომაფურთხა სახეში ბიძინა ივანიშვილმა თავისი მარიონეტებით. სამოქმედო გეგმაა, რომ აქ ვიკრიბებით ყველა. როგორც კი ვიშლებით, ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხს აღარ აინტერესებს და ჰგონია, რომ შეუძლია ეს სახელმწიფო გადაიფორმოს. ჩვენ უნდა გავასამართლოთ ეს ხალხი, სხვა გამოსავალია არაა," - განაცხადა ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსი ოლიგარქის დიქტატორული რეჟიმი დღეს ოფიციალურად გაფორმდა, თუმცა ივანიშვილს მოუწევს მიტაცებული სახელმწიფოს და ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება.
"ეს ნიშნავს მშვიდობიან წინააღმდეგობას, რომელიც არაერთ ქვეყანას გამოუვლია, ქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მოუწია დაამარცხოს დიქტატორული მმართველობა და დაიცვას თავისუფლება, ჩვენს ქვეყანაში არის რუსი ოლიგარქის დიქტატორული რეჟიმი და ეს დღეს ოფიციალურად გაფორმდა. პერმანენტული აქციები, მათ შორის რუსთაველის გადაკეტვა გაგრძელდება მანამ, სანამ ძალაუფლება არ დაუბრუნდება ხალხს, ივანიშვილს მოუწევს მიტაცებული სახელმწიფოს დათმობა ქართველი ხალხისთვის,"- აღნიშნა სამადაშვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ 2020-სთვის პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საკანონმდებლო ცვლილება ვეღარ მოესწრება, ამიტომ ქვეყანაში უნდა იყოს საყოველთაო პროტესტი და საზოგადოებამ ივანიშვილი უნდა აიძულოს, სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.
"საყოველთაო პროტესტი, რომლის გამო ბიძინა ივანიშვილს მოუწევს სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ბიძინა ივანიშვილი ამის გამკეთებელი არ არის, ამიტომ უნდა დაირაზმოს თითოეული მოქალაქე და მათ უნდა გააკონტროლონ ყველაფერი, რაც არჩევნებს უკავშირდება, ეს მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებმა დააყენეს და ისინი იქნებიან ამის ერთგული,"- განაცხადა თამარ კორძაიამ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, აქციები უნდა იყოს ფართომასშტაბიანი და კონსოლიდირებული, რათა ბიძინა ივანიშვილი მიხვდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს ქვეყანა მისთვის არ უჩუქებიათ.
"პოლიტიკური პროცესის პარალიზება მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ხალხს წაართვა არჩევნები და ჩააგდო პროპორციული სისტემა. ჩვენი ვალია, ყველა მოქალაქე გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილს უთხრას, რომ ასეთი თამაშის წესებს ჩვენ არ ვიღებთ, ქვეყანას მას არ ვჩუქნით, ამიტომ უნდა იყოს ფართომასშტაბიანი კონსოლიდირებული პროცესი,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.