ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრა, სადაც პარტიის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ, დასრულდა.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უპრეცედენტო თანხმობაა.
"უპრეცედენტოა ის თანხმობა, რომელიც ოპოზიციურ ძალებს შორისაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც აჩვენებს, რომ ყველა, იმის მიუხედავად, რა შეხედულებები გვაქვს კონკრეტულ საკითხებზე, ხვდება, რომ გზა, რომელსაც დაადგა ივანიშვილი, საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს. ახლა არის საჭირო ქუდზე კაცი, რომ როგორმე ეს გადაჩეხის პროცესი შევაჩეროთ,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, რეფერენდუმია. შავგულიძე აცხადებს, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიები ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარების კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ და ერთიანი ძალებით გაუწიონ კონკურენცია "ქართული ოცნების" კანდიდატს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ პროპორციული სისტემისთვის და არსებობს ამის მექანიზმები, გამოითქვა მოსაზრება, შესაძლებელია რეფერენდუმზე ვიფიქროთ, რათა საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერით გამაგრებული ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დავაყენოთ. მაგრამ, თუ მაინც მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი და არჩევნებს დანიშნავს შერეული მაჟორიტარული სისტემით, აქაც შესაძლებელია ოპოზიციის, უპირველეს ყოვლისა, დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ სპექტრს შორის მკაფიო შეთანხმების მიღწევა იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენ ერთმანეთს კი არ დავუყენოთ მაჟორიტარობის კანდიდატები კონკურენტად, არამედ შევჯერდეთ რომელი პოლიტიკური ძალის კანდიდატს აქვს მეტი შანსი გამარჯვების და მოვახდინოთ ჩვენი ძალების კონსოლიდირება ამ კანდიდატების მხარდასაჭერად,"- განაცხადა შავგულიძემ.
შავგულიძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი სიტყვის გატეხვის არაპოპულარულ ნაბიჯზე რუსეთის წნეხის შედეგად წავიდა.
"დავინახოთ, რატომ წავიდა ივანიშვილი ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯზე. მან გარკვეული მღელვარების ჩაცხრობისთვის გასცა დაპირება, რომ "ქართული ოცნება" სრულად დაუჭერდა მხარს მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, და დღეს მან ეს სიტყვა გატეხა. რატომ მოაწერა მან ხელი სიტყვის გამტეხ ადამიანობაზე. ერთადერთი პასუხია ჩემთვის ამაზე - ყველა ვხედავთ, როგორ პრორუსულ პოლიტიკას ატარებს ივანიშვილი. ეტყობა, იმდენად დიდია მისი ვალდებულებები რუსეთის წინაშე, იმდენად იძულებულია, რომ შეასრულოს ეს დაკვეთა, რომ საქართველო დააბრუნოს რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სივრცეში, რომ ის მიდის როგორც პოლიტიკურად, ისე ადამიანურად არაპოპულარულ ნაბიჯზე,"- განაცხადა შალვა შავგულიძემ.