ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და კოლეგები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ.
ექიმის მეუღლე და ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. ისინი ექიმს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. მათივე თქმით, შეეცდებიან, მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა, რომ მსგავსი ფაქტები დაუშვებელია.
"მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ პირველ რიგში ვიწყებ ჩვენი ქვეყნიდან, იმიტომ რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე. პირველ რიგში, მიხედონ თავის უკანონოდ დაპატიმრებულ ექიმს, მოქალაქეს, პატრიოტს, რომელიც ზის ახლა ცხინვალის ციხეში და კაცმა არ იცის როდის გამოუშვებენ. მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს კოლეგებს, საზღვარგარეთ ექიმთა ასოციაციებს, "ექიმები საზღვრებს გარეშე" - მივმართავ ამ ორგანიზაციასაც, რომელიც არის უმსხვილესი ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში, დააბრუნეთ ეს ადამიანი თავის ოჯახთან, თავის ქვეყანაში და შეწყდეს ეს უაზრო დაკავებები და უაზრო კონფლიქტები,“ - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.
ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. დღეს კი მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.