12 დეპუტატი უმრავლესობის რიგებში აღარ ირიცხება, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ უმრავლესობა დაიშალოს. ზვიად ძიძიგური უმრავლესობიდან გავიდა, მაგრამ მის ფრაქციაში მყოფი 3 დეპუტატი "ოცნებაში" დარჩა.
"ქართულ ოცნებას" 91 მანდატი აქვს. კრიზისი კი მხოლოდ 75-ის შემდეგ იწყება.
უმრავლესობაში დაწყებული დემარშის გამო საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისთვის კომიტეტის 3 თავმჯდომარის და ორი ვიცე-სპიკერის პოსტია თავისუფალი.
7 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ "ქართული ოცნება" ზვიად ძიძიგურმა დატოვა. ვიცე-სპიკერისთვის და "კონსერვატიული პარტიის" კიდევ ორი წევრისთვის წითელი ხაზი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა აღმოჩნდა.
უმრავლესობის ყოფილ წევრებს საკუთარი პოლიტიკური პარტნიორები ჯერ არ განუსაზღვრავთ და ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, ვისთან აპირებენ თანამშრომლობას.
ფრაქციის შესაქმნელად უმრავლესობიდან წასულ კონსერვატორებს 3 დეპუტატი სჭირდებათ. ამ დროისთვის უმრავლესობა სულ 12-მა კანონმდებელმა დატოვა, ეს რაოდენობა 2 ფრაქციისთვის საკმარისია.
თანამდებობებიდან წასულ დეპუტატებს სამომავლო გეგმებზე საუბარი ამ დროისთვის უჭირთ.
მას შემდეგ, რაც უმრავლესობა ლიდერების ნაწილმა დემარშით დატოვა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო მმართველი გუნდიდან აკაკი ზოიძე და რომან კაკულიაც გავიდოდნენ, დეპუტატებმა დღეს ეს ინფორმაცია უარყვეს, თუმცა დაადასტურეს, რომ საკუთარ გუნდთან სერიოზული შეკითხვები აქვთ.
გადაადგილებების შემდეგ უმრავლესობაში 91 დეპუტატია, მათ შორის, გუნდში დარჩა ყველა ის მაჟორიტარი, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს და "ქართული ოცნების" წევრების მტკიცებით, მწვავე დაპირისპირება ჰქონდათ ამ საკითხზე პარტიის თავმჯდომარესა და გუნდის დიდ ნაწილთან.