"ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ გამოსავალი ამ კრიზისიდან" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ძალაუფლების დაკარგვის შიშის გამო ჩააგდო.
"გუშინ მოვისმინეთ "ქართული ოცნების" წევრების ღია განცხადებები, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ უნდა მოხდეს, ვინაიდან პროპორციული სისტემით შესაძლოა წააგოს "ქართულმა ოცნებამ" და მოიგოს ოპოზიციამ. ამის გამო არ შეასრულეს ის პირობა, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ დადეს. ახლა, ჩაგდებიდან მეორე დღეს გვიცხადებენ, რომ თურმე სისტემას მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ აქვს მნიშვნელობა, რატომ ჩააგდეთ გუშინ პროპორციული სისტემა, რატომ ჩაიყენეთ თავი იმ მდგომარეობაში, როდესაც უმრავლესობის 12-მა წევრმა და მათ შორის არარიგითმა წევრებმა დატოვეს უმრავლესობა.
რა თქმა უნდა შეეშინდათ, რადგან ყველა ბოლო კვლევის მიხედვით ძალიან ნათლად ჩანს, რომ პროპორციული სისტემით "ქართული ოცნება" არჩევნებს ვეღარ მოიგებდა. ზუსტად იმის გამო, რომ სისტემას მნიშვნელობა აქვს, "ქართული ოცნება" წავიდა ამ ტყუილსა და ზიანზე. ამ ორ დღეში ქვეყანამ მიიღო უზარმაზარი ზიანი, პირველი ზიანი ესაა მკვეთრი პოლარიზება პოლიტიკური სიტუაციის, ვითარების დაძაბვა, ქუჩაში გამოსული ადამიანები, ფეხზე დამდგარი ოპოზიცია, ანუ ქვეყნის შიგნით სტაბილურობას პირდაპირი საფრთხე შეუქმნა "ოცნების" გადაწყვეტილებამ. ამასთან, ყველა ჩვენი უცხოელი მეგობარი აკეთებს კრიტიკულ და შეშფოთებულ განცხადებას,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.