15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო.
სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის მონაწილეებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებისათვის. მისმა უწმინდესობამ ასევე ისაუბრა თანამედროვე სამყაროს პრობლემებსა და გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის მნიშვნელობას, რადგან ,,ძლიერი და მტკიცე ოჯახი წარმატებული ქვეყნის საწინდარია,“- აღნიშნა პატრიარქმა.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას. დასძინეს ისიც, რომ ისინი მოვიდნენ, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ თანადგომა და პატივისცემა გამოეხატათ და მადლობა გადაეხადათ მისთვის ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და შემწყნარებლობის განტმკიცებისთვის.
,,ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთ თქვენს სიტყვებს და ჩვენს სამრევლოებში ხელს ვუწყობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვას.“- განაცხადეს მათ.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ რელიგიურ ლიდერებს მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო მოღვაწეობა უსურვა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე UNESCO-ს ინიციატივით 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაა. საქართველოში ეს დღე პირველად 2016 წელს აღინიშნა და მისი მასპინძელი საქართველოს საპატრიარქო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.