18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ვიღაც ერთეული ჩინოვნიკების - მაკო გომური

მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა. გომურის თქმით, ის არ განეკუთვნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ აქციაზე არის იმისთვის, რომ საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ვიღაც ერთეული ჩინოვნიკების:

"მე მჭირდება კარგი მომავალი, მე მჭირდება თავისუფალი ქვეყანა, მე მჭირდება წარმატებული ცხოვრება. მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ამ ყველაფრისთვის მე თვითონ ვიბრძოლო.

იცით, დღეს ჩემს მშობლებს ეშინიათ რომ აქ ვდგავარ, რადგან პირველად რომ ვიყავი, ცუდად დასრულდა, ეს ყველამ ვიცით. დღესაც ეშინიათ, რომ იგივე არ განმეორდეს.

სახელმწიფო როცა ცდილობს საზოგადოებაში ჩანერგოს შიში, ეს ნაწილობრივ გამოსდის. თუმცა ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს არაა ერთეულ ადამიანებში, რომელთა ძალაც არის ფული. ძალა არის, აი, ამ ადამიანებში, რომლებიც ასე იცავენ ქვეყანას და ცდილობენ მიაღწიონ იმ შედეგს, რისთვისაც იბრძვიან. არ მინდა, რომ გაჩერდეს ეს მუხტი.

მე არ ვარ დღეს იმ ადამიანის სახე, რომელიც განეკუთვნება პოლიტიკურ ძალას. ჯანდაბაშიც წასულა პოლიტიკა. მე ვარ დღეს იმისთვის, რომ მქონდეს კარგი მომავალი, მქონდეს ჯანსაღი მომავალი. მინდა ვიცხოვრო ერთიან, ძლიერ ქვეყანაში. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ვიღაც ერთეული ჩინოვნიკების. არ გაჩერდეთ და ბოლომდე იბრძოლეთ საკუთარი თავისთვის,"- მიმართა მაკო გომურმა აქციის მონაწილეებს.

დღის ამბები