18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
"ყველას მინუს ერთი" - ეს იყო პოლიტიკური განცხადებების მთავარი პათოსი აქციაზე

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსებმა სიტყვით გამოსვლა დღის სამი საათიდან დაიწყეს.

სწორედ მათ დაანონსეს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას დაიწყებდნენ.

"ყველას მინუს ერთი" - ეს იყო პოლიტიკური განცხადებების მთავარი პათოსი. მოთხოვნა იგივეა - არჩევნები პროპორციული სისტემით.

პარლამენტის პიკეტირების და დაუმორჩილებლობის შესახებ პირველი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციის დაწყებიდან მალევე გაკეთდა, ოპოზიციის ლიდერების თქმით, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ლეგიტიმაცია დაკარგა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა პარლამენტის პიკეტირების შესახებ განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილებს ოპოზიციის სხვა ლიდერებმა მიმართეს.

გამომსვლელები აქცენტს სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის მქონე პარტიების გაერთიანებაზე აკეთებდნენ. ისაუბრეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებულ პირებზე და პოლიტიკურ პროცესებზე.

აქციის მონაწილეებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამაც მიმართა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხაზი ოპოზიციის გაერთიანებას გაუსვა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების ცვლილება მისი შვილის მკვლელობის საქმეს ნათელს მოფენს.

პარლამენტის წინ არსებული სცენა დღეს მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის არ იყო განკუთვნილი. აქციის მონაწილეებს სამოქალაქო აქტივისტებმა, მწერლებმა და პოეტებმა მიმართეს.

აქცია პარლამენტის წინ არ სრულდება და აქციის ორგანიზატორების თქმით, ის პერმანენტული ხასიათის იქნება.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები