რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები 24 საათიანი მორიგეობის რეჟიმზე გადავიდნენ. დღეს დილიდან, პარლამენტის შენობის წინ საერთო მოთხოვნებით გაერთიანებული ადამიანები შეიკრიბნენ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, ასევე ჩამოკიდეს საქართველოს და ნატოს დროშები.
დემონსტრანტებმა პარლამენტის სამივე შესასვლელის ბლოკირება დღის მეორე ნახევარში ერთდროულად დაიწყეს. აქციის მონაწილეების თქმით, ბოქლომებს მას შემდეგ გახსნიან, რაც მათი მოთხოვნები შესრულდება, ბიძინა ივანიშვილს კი სახლში გაუშვებენ.
აქციის ორგანიზატორებია განცხადებით, პარლამენტში შესვლის უფლებას აღარ მისცემენ იმ ადამიანებს, ვინც მათ საარჩევნო უფლება წაართვა. პოლიტიკური ლიდერების თქმით, პარლამენტის პიკეტირება საზოგადოების რეაქციაა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგობებზე.
პარლამენტის შესასვლელებთან დამაგრებული ჯაჭვი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მალევე გადაჭრეს. დემონსტრანტებმა კი, პარლამენტის სამივე შესასვლელთან კარვების გაშლა დაიწყეს.
საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი ბლოკირებული რჩება. შიდა და გარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე რამდენიმე კარავია გაშლილი, დემონსტრანტებმა იქ კასრებიც მიიტანეს. პიკეტირებულ პარლამენტში ხვალ ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.