თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ხელისუფლების ქმედებებს უცხოელი ანალიტიკოსები და დიპლომატები აფასებენ. როგორც საერთაშორისო მედიაში წერენ, მთავრობამ უნდა გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, ოპოზიციამ კი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.
"ათასი სიტყვა 1 კადრში" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლაურა თორნტონი თბილისში მიმდინარე აქციებს.
პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები მსოფლიო მედიის რეპორტაჟებშიც მოხვდა. პოლიციისა და მომიტინგეების დაპირისპირება "ევრონიუსმა"გააშუქა. სპეცრაზმმა ათასობით მომიტინგე წყლის ჭავლისა და სპეც ტექნიკის გამოყენებით დაშალა - ასე წარადგინა წამყვანმა რეპორტაჟი.
"ალ ჯაზირამ" კი აჩვენა, რომ პარლამენტის წინ პოლიციამ გზა გახსნა და მოძრაობა აღადგინა.
თბილისში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. ბრიტანელმა პოლიტიკოსმა სტიუარტ მაკდონალდსმა ლონდონს მოუწოდა თბილისის მოვლენებს მეტი ყურადღება დაუთმოს.
"ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" რუსეთის პროგრამის დირექტორი ბრაიან უიტმორი ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ანალიტიკოსი მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტს მუშაობის საშუალება უნდა მისცენ.
თბილისში მიმდინარე აქციებზე "როიტერსმა", "ფრანს24-მა", "ასოშიეთიდ პრესმა", "დოიჩე ველემ" და სხვა გავლენიანმა გამოცემებმა დაწერეს.