18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"არც ვადასტურებ და არც უარვყოფ"- ვოლსკი საპარლამენტო თანამდებობების სავარაუდო კანდიდატებზე

პარტია "ქართული ოცნების" ოფისში დახურული კონსულტაციები გრძელდება. ლიდერების განცხადებით, მთავარი თემა საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაა. უმრავლესობა ამბობს, რომ კანდიდატურებს განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი წინასწარ ინფორმაციას იმ კანდიდატების თაობაზე, ვინც  საპარლამენტო თანამდებობები უნდა გადაინაწილოს, არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"არ იქნება  მგონი, ლოგიკური, რომ სანამ უმრავლესობის სხდომა არ შედგება, რაიმე ან დავადასტურო, ან უარვყო. ეს პასუხი დღეს, არც ვადასტურებ, არც უარვყოფ არის არა ბუნდოვანი, არამედ სწორედ ის, რაც უნდა გაეცეს ამ შეკითხვას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი გადანაცვლების შესაძლებლობასთან დაკავშირებითაც.  

მე ვფიქრობ, რომ მედიაშიც არანაკლებ ექსპერტები არიან, ვიდრე საექსპერტო საზოგადოებაში ცნობილი სხვა ადამიანები და აკეთებენ სწორ ანალიზს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ცვლილებების განხილვას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის. 

"განხილვას ვადასტურებ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, იმიტომ, რომ ეს კონსულტაციებს საჭიროებს. მთავარია, რას ვაპირებთ, რის თქმას ვაპირებთ მათთან, რა იქნება ჩვენი პოზიცია ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც აქ არის და, ზოგადად, საზოგადოებასთან რა პოზიცია გვექნება, ეს ყველაფერი ამის შემადგენელი ნაწილია. ყველაზე რთული უბანი არის, ჩემი აზრით, ეს, იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული როგორ ვპოზიციონირებთ დანარჩენ მსოფლიოსთან, ევროკავშირთან,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტში თავმჯდომარის პოსტი, შესაძლოა, ირაკლი ბერაიამ დაიკავოს; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის - რომან კაკულიამ, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ნუკრი ქანთარიამ, ხოლო ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი გახდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები