18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდებიან

18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეზე მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

საქალაქო სასამართლოში ვითარება საღამოს 6 საათის შემდეგ დაიძაბა. სწორედ ამ დროს უნდა გამოეცხადებინა მოსამართლეს 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული გიგა მაქარაშვილის და მასთან ერთად 5 პირის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება.

თუმცა სხდომის დარბაზში შესვლის უფლება გიგა მაქარაშვილს და სხვა მსურველებს მანდატურის სამსახურმა არ მისცა. მაქარაშვილის მოსაზრებით, მოსამართლე ცრუ მოწმეებთან კონსულტაციებს გადიოდა და დარბაზში სწორედ ამიტომ არ შეუშვეს.

18 ნოემბერს დაკავებულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, რადგან ბრალს არ აღიარებენ და ფიქრობენ, რომ მათ ბედს პირადად ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. დაკავებულების ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზეც საუბრობს.

დაკავებულების ინტერესების დამცველების განცხადებით, ის, რაც 2 დღის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე ხდება, ფარსია და სამართალთან და კანონთან კავშირი არ აქვს.

პოლიტიკოსების შეფასებით კი ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტებთან ნერვების ომი დაიწყო და ამით ცდილობს მათ დამორჩილებას.

როგორც გუშინ, ასევე დღესაც სასამართლო პროცესები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებულების ნაწილმა სასამართლოზე მოწმედ მიყვანილი პოლიციელები ცრუ ჩვენებაშიც ამხილა, ეს კი მათი დარბაზიდან გაძევების მიზეზი გახდა. დარბაზიდან გამოაძევეს იმ პოლიტიკოსების ნაწილიც, ვინც დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდა.

ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია ოპოზიციის წევრების და აქციის მონაწილეების გამოჩენას საქალაქო სასამართლოში. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, უცნობმა პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ოპოზიციის მხრიდან სუსის პროვოკაციად შეფასდა.

37 პირი 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდებათ ან ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ.

დღის ამბები