გიგი წერეთელმა "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და "ევროპული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარემ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოში მიმდინარე ბორდერიზაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე გაამახვილა.
"უკანონო ბორდერიზაცია საქართველოში იწვევს ფატალურ შედეგებს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. ბოლო ასეთი შემთხვევა შეეხება ცნობილ ქართველ ექიმს, ჩემს მეგობარ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც დაპატიმრებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ძალადობრივად. არალეგიტიმური მიზეზებით, თითქოს მან გადაკვეთა ე.წ. საზღვარი.
როგორც უდიდეს და ყველაზე გავლენიან ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს, ევროპის სახალხო პარტიას, რომელსაც გააჩნია საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა უპასუხოს არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავალი,"- აცხადებს გიგი წერეთელი.