18 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ლაკმუსის ქაღალდი სასამართლო სისტემისთვის - მესამე სექტორი აქციაზე დაკავებულების პროცესებზე დაშვებულ მძიმე დარღვევებზე 

არასამთავრობო ორგანიზაციები18 ნოემბრის აქციისას დაკავებულების სასამართლო პროცესებზე არსებულ მძიმე დარღვევებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, პროცესების მიმდინარეობისას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე უგულებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს.

ასევე, არასამთავრობო სექტორი უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს  დაკავებულების სხვადასხვა ქალაქში გადაყვანასაც, რადგან მათ ადვოკატებთან კომუნიკაციაში ხელი შეეშლებათ.  

"მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმეები შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხილულიყო, ეს საქმეები დაეწერა ერთ მოსამართლეს იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოში არის რამდენიმე ათეული მოსამართლე, რომელსაც შეეძლო, რომ განეხილა ეს საქმეები," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების ხელშია მოქცეული და მას თავის სასარგებლოდ იყენებს. მშვენიერაძის განცხადებით, კლანი, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს, მუდმივად მზად არის ხელისუფლების ნებისმიერი დავალება შეასრულოს.

"გუშინდელი გადაწყვეტილებები იყო ლაკმუსის ქაღალდი ჩვენი სასამართლო სისტემისთვის, ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა არის იარაღი ხელისუფლების ხელში და მას ნებისმიერ დროს გამოიყენებს... გუშინდელ სასამართლოს მხოლოდ შენობის წარწერა ერქვა სასამართლო, თორემ მას სამართლიან სასამართლოსთან კავშირი ნაკლებად ჰქონდა,"- აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

კრიტიკულად განწყობილი და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დაკავებაზე მიუთითებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

ბენიძე სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღმოჩენილ მძიმე ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზეც.

 

 

 

დღის ამბები