დღეიდან დაუფასოებელი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია იკრძალება. აკრძალვა მათ შორის ეხება ჩიბუხის, ჩილიმისა და შესახვევი თამბაქოს რეალიზაციას.
გაყიდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ის დაფასოებულია 50 ან 100 გრამიან საფუთებში და თან ისე, რომ მას აქციზური მარკა ჰქონდეს. ახალი რეგულაცია, რა თქმა უნდა, თამბაქოს ფასზე იმოქმედებს.
კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა პირველ ჯერზე 2 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 4000 ლარით განისაზღვრება. აქციზური მარკის უგულებელყოფამ კი შეიძლება შინაპატიმრობაც გამოიწვიოს.
თამბაქოს მომხმარებლებისთვის დღეიდან ამოქმედებული კიდევ ერთი რეგულაციის მიხედვით, მაღაზიებში მხოლოდ აქციზური მარკით ნიშანდებული თუთუნი გაიყიდება.
ირაკლი ოქრუაშილი ერთ-ერთია მათ შორის, რომლებსაც ცვლილების ამოქმედება შეეხო. მას თამბაქოს ნაწარმის დაუფასოებელი სახით გაყიდვა აეკრძალა. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ რეგულაცია პირველ რიგში ფასზე აისახება და თუთუნი პირველად ღირებულებაზე მინიმუმ 100 პროცენტით ძვირი გახდება.
დღეს არც ერთ ჯიხურში თუთუნი არ გაყიდულა. ახალი რეგულაციისთვის მომზადება და აქციზის მიღება ვერც ერთმა მწარმოებელმა კომპანიამ მოასწრო. ცვლილებით უკმაყოფილო მომხმარებლები, რომლებსაც დღეს ჯიხურებში უაქციზო თუთუნის მიყიდვაზე უარი უთხრეს, იძულებულნი გახდნენ თამბაქოში მინიმუმ ოთხმაგი ფასი გადაეხადათ.
ახალი რეგულაციები პრობლემებს შეუქმნის მათაც, ვისაც თამბაქო მოჰყავთ.
აჭარის მაღალმთიან სოფელ ქედაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბათუმში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების არ არსებობის გამო აქამდე თუთუნს ჯიხურებში აბარებდნენ. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი ისინი იძულებულები ხდებიან პროდუქტი, მხოლოდ საწარმოებს მიყიდონ. მათი თქმით, ხარჯები იმდენად გაეზრდებათ, რომ თამბაქოს მოყვანა არამომგებიანი ხდება.
თამბაქოს კონტროლის ალიანსში საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს, თუმცა ფიქრობენ, რომ გარკვეული ბალანსის შენარჩუნებისთვის რეგულაცია აქამდეც უნდა ამოქმედებულიყო. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ცვლილების განხორციელება წინა რეგულაციების დროს დაავიწყდა.
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში 1 თვის წინ დაამტკიცეს.
თამბაქოს კონტროლის შესახებ რეგულაციები 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. დღემდე მოქმედი რეგულაციით წონის თამბაქო არ იბეგრებოდა. დღეიდან კი, ასაწონი თუთუნის შემთხვევაში პირველი რეგულაცია შევიდა ძალაში და დაუფასოებელი ფორმით, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია დღეიდან უკვე კანონდარღვევად ითვლება.