ქვეყანაში გუშინ ამოქმედებულ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც დაუფასოებელი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია აიკრძალა, ექსპერტები უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ეს არის პირდაპირი დარტყმა ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობაზე და ის ვერც ჯანსაღი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
ცვლილების მიხედვით აიკრძალა დაუფასოებელი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია. ახალი რეგულაცია ეხება ჩიბუხის, ჩილიმისა და შესახვევი თამბაქოს გაყიდვასაც. გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფასოებულია და თან ისე, რომ მას აქციზური მარკა ჰქონდეს. შესაბამისად ახალმა რეგულაციამ თამბაქოს ფასი გაზარდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა პირველ ჯერზე 2 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 4000 ლარით არის განსაზღვრული. აქციზური მარკის უგულებელყოფამ კი შეიძლება შინაპატიმრობაც გამოიწვიოს.
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ცვლილება მწეველთა რაოდენობას ვერ შეამცირებს.
"ძირითადი მომხმარებელი არის დაბალშემოსავლიანი სეგმენტი, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ამით ჩვენ ჯანსაღ გარემოს ჩამოვაყალიბებთ, უფრო მეტად, კიდევ უფრო დავუმძიმებთ მდგომარეობას," - განაცხადა ეკონომისტმა რატი აბულაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ რეგულაციას განსაკუთრებული შედეგი ვერ მოჰყვება.
"ახლა იზრდება აქციზი, ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც ყველაზე გაჭირვებული მწეველი მოიხმარს. ეს არის მხოლოდ ბიუჯეტის შევსებისთვის გადადგმული ნაბიჯი," - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.