18 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
"თუ დიდი ყურადღება არ დავუთმეთ ჩვენში აზროვნების განვითარებას, თუ არ ვისწავლეთ ანალიზი, გაგვირთულდება გზა" - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის თქმით საქართველო ჯერ კიდევ ვერ არის შემდგარი, როგორც სრულყოფილი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც ადამიანები არიან შემდგარნი, როგორც თავისუფალი მოქალაქეები. ამის შესახებ მიტროპოლიტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსახურებისას იქადაგა.

მისი თქმით, საზოგადოების ცნობიერებას მემკვიდრეობით მოჰყვება "ძველი კაცის სინდრომი":

"მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დღევანდელ დღეს. ურთულესია მიმდინარე მოვლენები ყველასთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის და იმდენად რთულია, რომ ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდას ვაბარებთ. საქართველო ჯერ კიდევ ვერ არის შემდგარი, როგორც სრულყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც ჩვენ ვართ შემდგარი როგორც თავისუფალი მოქალაქეები.

რამდენჯერ გვითქვამს, რომ აი, ჩვენს ცნობიერებას მემკვიდრეობით მოჰყვება ძველი კაცი. სამწუხაროდ ზოგს არ ესმის ეს, ძველი კაცის სინდრომი რაში მდგომარეობს. მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თვით ქრისტიანობაში მოსულები ჯერ კიდევ იმ კატეგორიებით ვმსჯელობთ, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში დამკვიდრდა ათეიზმის ხანაში და ისე შევითვისეთ ის ცნობიერება,შევიძინეთ უნარები და მეთოდები,რომ დღესაც ვერ ვართ გათავისუფლებულები. ეკლესიაში ხარ, ხელისუფლებაში თუ მოქალაქე ხარ, უნებლიედ სწორედ იმ უნარებით ხელმძღვანელობ და მოქმედებ, აზროვნებაშია თუ დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაშია, როგორიც მაშინ შეიძინე. თუ ჩვენ, გარდა ჩვენი სარწმუნოებისა, გარდა ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა დიდი ყურადღება არ დავუთმეთ ჩვენში აზროვნების განვითარებას, თუ არ ვისწავლეთ ანალიზი პირველ რიგში საკუთარი ქმედებებისა და შემდგომ უკვე ჩვენს ირგვლივ მიმდინარე საზოგადო მოვლენებისა, კიდევ უფრო გაგვირთულდება ეს გზა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავძლევთ ჩვენს წინაშე არსებულ დიდ განსაცდელებს, მაგრამ წინ კიდევ მაინც მძიმე გზა გველოდება, კიდევ ბევრი განსაცდელი გველოდება და მოდით ნუ გავურთულებთ ერთმანეთს ამ გზას და ამ ცხოვრებას," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დღის ამბები