18 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
შშმ პირზე სექსუალური ძალადობის მძიმე ისტორია ვალეში - ქალს, რომელსაც საუბარი და გადაადგილება უჭირს, მოძალადე გაჩუმებას აიძულებდა

სექსუალური დანაშაული, რომლის შესახებაც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის დედა "კურიერთან" ყვება, ვალეში მოხდა. 60 წლამდე კაცი, ნოდარ კაკაჩიშვილი მეზობელ ქალზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, სისტემატურად ძალადობდა. 41 წლის ხათუნა ფეიქრიშვილს, რომელსაც საუბარი უჭირს და ვერც დამოუკიდებლად გადაადგილდება, სავარაუდო მოძალადე აშინებდა და გაჩუმებას აიძულებდა.

ეს მძიმე დანაშაული პირველად 1 წლის წინ მოხდა. ამის შემდეგ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცი, მეზობელთან სახლში იმ დროს მიდიოდა, როცა შშმ პირი მარტო რჩებოდა. ფაქტების შესახებ კი ოჯახმა გვიან გაიგო. სავარაუდო მსხვერპლის დედამ საქმის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მამაკაცი დაკავებული არ არის.

სავარაუდო მოძალადე ნოდარ კაკაჩიშვილი ოჯახთან ერთად მეზობლებთან უკვე იშვიათად ჩნდება. ის პოლიციამ დაკითხა, თუმცა დანაშაული არ უღიარებია. ოჯახის წევრებმა სატელევიზო კომენტარზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ ძალადობის ისტორია ხათუნა ფეიქრიშვილმა გამოიგონა.

სექსუალურ დანაშაულზე ვალეში ღიად საუბარი უჭირთ, თუმცა "კურიერის" კამერის წინ ადგილობრივები მიანიშნებენ იმ გარემოებაზე, რომ ხათუნა ფეიქრიშვილის გარდა მსგავს დანაშაულში 60 წლამდე მამაკაცი სხვა პირებმაც ამხილეს.

დამნაშავის დასასჯელად ოჯახი სამართლებრივ გზას დაადგა. დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტების სიმცირის გამო პროცესი ჩიხშია შესული. სავარაუდო მსხვერპლს ჯერ არც დაზარალებულის სტატუსი მიუღია.

დღის ამბები