18 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ერის მომავლისთვის საჭიროა ერთიანობა" - მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილმა "Facebook"-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მათგანს ერთი რამ - საქართველოს სიყვარული აერთიანებთ.

"დღეს, გიორგობის დღეს, შევხვდით ჩვენს ძველ თანამებრძოლებთან და ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. დღეს არის დიდი დღესასწაული. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთანებს - გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუბაზ სანიკიძემ ხაზი უკრაინა-საქართველოს საერთო გასაჭირს გაუსვა და ყველას საბრძოლო განწყობის შექმნისკენ მოუწოდა.

"ტყუპისცალები ვართ გაჭირვებაში ჩვენ და უკრაინელები და იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით. მინდა მოგიწოდოთ, ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე, იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სხვაგან სამშობლო არა გვაქვს," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ვალერი გელბახიანის განცხადებით, ერის მომავლისთვის ერთიანობა აუცილებელია.

"ერის მომავლისთვის, სახელმწიფოს მშენებლობის მომავლისთვის და ამ ერისა და სახელმწიფოს შეკვრისათვის საჭირო არის ერთიანობა, საჭირო არის ბრძოლა," - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

დღის ამბები