18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
130 მოკლული ქალი - საფრანგეთში ფემიციდი გააპროტესტეს

"სოლიდარობა ქალებს მთელ მსოფლიოში" – საფრანგეთში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გაიმართა. "იასამნისფერი პარიზი" - ამ ფერში გამოწყობილმა 50 ათასმა დემონსტრანტმა პარიზის ქუჩებში ფემიციდი დაგმო.

ბოლო კვლევების მიხედვით საფრანგეთში ყოველ მესამე დღეს ქალს საკუთარი ქმარი ან ყოფილი პარტნიორი კლავს. საერთო ჯამში კი, საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში 130 ქალია მოკლული. 

აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალების სახელები და ასაკი ეწერა.

"ძალადობის შემდეგ ისინი გარიყულები არიან. ქალები კარგავენ თვითდაჯერებულობას, ისინი საკუთარი თავის დაცვას ვეღარ ახერხებენ. იმის გამო, რომ ქალების დიდი ნაწილის ანაზღაურება არც ისე მაღალია, ხშირად ოჯახში მოძალადეს ვეღარ გაურბიან," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილე 42 წლის ძიძა, რომელსაც საკუთარი ქმარი სცემდა, მთავრობისგან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას მოითხოვს.

"ძალიან რთულია, როცა დახმარების გარეშე სრულიად მარტო რჩები. ჩვენ მარტოხელა ქალები ვართ, დიასახლისები. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს. ჩვენ ვიტანთ დამცირებას, შეურაცხყოფას, გაუპატიურებასა და ცემას. ეს უნდა დასრულდეს. პოლიციამ და მთავრობამ უნდა მოგვისმინოს," - აცხადებს 42 წლის ძიძა. 

ძალადობაზე პოლიციის რეაგირებით უკმაყოფილოა სოციალური სამსახურის 23 წლის თანამშრომელიც.

"როცა ქალები პოლიციაში მიდიან და მოძალადის წინააღმდეგ საჩივარს წერენ, ამაზე სათანადო რეაგირება არ ხდება. პოლიციამ სპეციალური ტრენინგი უნდა გაიაროს და თან რაც შეიძლება მალე. ძალადობის პრევენციისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო," - აღნიშნავს ძალადობის მსხვერპლი.

მოძალადის წინააღმდეგ მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გაცემა საკმარისი არ არის. საფრანგეთის მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც პოლიცია მოძალადის კონტროლს ელექტრო სამაჯურის მეშვეობით შეძლებს. საპროტესტო აქციები პარიზის გარდა სხვა ქალაქებშიც მოეწყო. ათობით ქალაქში საერთო ჯამში 150 000 ადამიანი გამოვიდა.

 

დღის ამბები