18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
თანამდებობებზე დანიშვნა პროფესიონალიზმმა განაპირობა - უმრავლესობა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების დაწინაურებას უარყოფს

ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე დასანიშნ პირთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, შეფასებები გაკეთდა უმრავლესობაში. თავად ის პირები, რომლებიც დღეს სხვადსხვა თანამდებობზე გადანაწილდნენ, ამბობენ, რომ ამაში ალოგიკური არაფერია და ყველა თავისი შესაბამისი კვალიფიკაციით დაინიშნა.

უმრავლესობაში გამორიცხავენ  ინფორმაციას, რომ ის ადამიანები დაწინაურდნენ, რომლებიც ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტსაც დაიკავებს, აცხადებს, რომ ადამიანების თანამდებობზე დანიშვნას, მათი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება განსაზღვრავს.

“ჩვენ არ ვაპირებთ გუნდის დაშლას, არ ვაპირებთ გუნდის შიგნით რაღაც განსხვავებების ძებნას და რაღაც ნიშნით დაწინაურებას ამ მიმართულებით, ან დაქვეითებას. ნიშანი არის ერთადერთი - პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება. ამ ნიშნით ვარჩევთ ჩვენ კანდიდატურებს, სხვა ნიშნით, ვიღაცამ რაღაცას ხმა მისცა თუ არ მისცა, თან თავისუფალი კენჭისყრის პირობებში, ამას ნამდვილად არ ვაპირებთ“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ვიცე -სპიკერის თანამდებობას, თავის ძველ საქმიანობას შეუთავსებს.  

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე  დანიშვნაში ალოგიკურს ვერ ხედავს გურამ მაჭარაშვილი. მაჭარაშვილის თქმით, გიორგი კახიანი და ის კომიტეტს ერთიანი ხედვებით ხელმძღვანელობდნენ და შესაბამისად, გუნდმა ერთიანი გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენ ერთიანი პოლიტიკით და ერთიანი ხედვით ვხელმძღვანელობდით ამ კომიტეტს და ლოგიკური და ბუნებრივია მგონი, რომ გუნდმა და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გაგას პოზიციის შეცვლის შემთხვევაში, პირველი მოადგილის წარდგინება მომხდარიყო. ამაში მე მგონი, არაფერი ალოგიკური არ არის“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სამომავლო გეგმებზე ისაუბრა  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” მდივანმა გენადი მარგველაშვილმა, რომელიც განათლების კომიტეტს მარიამ ჯაშის ნაცვლად უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, პარლამენტში ვაკანტური თანამდებობები უკვე შევსებულია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე დაინიშნა, რომელიც ვიცე-სპიკერის პოსტსაც შეითავსებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის, ვიცე-სპიკერების კი, გიორგი კახიანისა და კახა კუჭავას კანდიდატურები.

ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა ირაკლი ბერაია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კი ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში მარიამ ჯაშს გენადი მარგველაშვილი შეცვლის.

რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილი დაინიშნება. 

 

დღის ამბები