რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები დემონსტრანტებთან ერთად პარლამენტის შენობისკენ მსვლელობისთვის ემზადებიან.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, კახა კალაძის დღევანდელი განცხადებით გამოჩნდა, რომ ხელისუფლება არ არის მზად ამომრჩეველს მოუსმინოს და მსგავსი შეფასებები პროცესს კიდევ უფრო აღრმავებს.
"ხელისუფლება ვერ აცნობიერებს და ვერ აღიქვამს ადეკვატურად ვითარებას. დღევანდელი კალაძის განცხადება იყო მინიშნება, რომ ხელისუფლება არ არის მზად მოისმინოს რაიმე მაინც, რასაც მას ეუბნება ამომრჩეველი, საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი.
აბსოლუტურად ზურგით დადგა ყველას წინაშე და გაიძახის, რომ არჩევნები მაინც შერეული სისტემით ჩატარდება. შერეული სისტემითაც განწირულია ეს ხელისუფლება, ის ვერ მოიპოვებს უმრავლესობას და ვერ იქნება ერთპიროვნული მმართველი, მაგრამ ის რასაც აცხადებს, ეს კიდევ უფრო მეტ პროტესტს შობს, კიდევ უფრო აღრმავებს და აფართოვებს პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება და იძულებული გახდება ბიძინა ივანიშვილი მოუსმინოს ხალხს,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.