უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობა დახურა და ძალაში არსებული - შერეული სისტემა დატოვა. მიზეზად, გუნდში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმის მობილიზების რესურსის არარსებობა დასახელდა. გადაწყევტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა უმრავლესობის ფორმატში გამართული საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა.
მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ე.წ. გერმანული მოდელი კიდევ ერთხელ დაუწუნა და პოლიტიკური ოპონენტები, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობა" ფიზიკური დესტრუქციის მცდელობაში დაადანაშაულა.
ის, რაც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა პარტიის ოფისში თქვა, უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში კიდევ ერთხელ გაიმეორეს. მმართველი გუნდის კანონმდებლები განსაკუთრებულ აქცენტს შერეული სისტემის დემოკრატიულობასა და იმაზე აკეთებენ, რომ კონსტიტუციაში 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩანაწერი "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ბრალდებებით პასუხობს ოპოზიცია. "ქართული ოცნების" საპარლამენტო ოპონენტები, ხელისუფლებას ხალხთან საუბრის ტონს უწუნებენ და უახლესი ისტორიის გაკვეთილებსაც ახსენებენ.
არასაპარლამენტო ოპოზიცია ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები საზოგადოებრივი ზეწოლის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ამ გზით ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე დაითანხმებენ.