18 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ყოფილი დეპუტატები პოლიციამ პარლამენტში არ შეუშვა 

პარლამენტის საშვით ყოფილი დეპუტატები დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. 

სამართლადმცავების განმარტებით, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ 26-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პიროვნებების გადაადგილება შეზღუდულია და ამის უფლება მხოლოდ მოქმედ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს აქვთ. 

ოპოზიციის წარმომადგენლები იმ ბრძანების წარდგენას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც აკრძალვა დაწესდა, თუმცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა ბუხრაძის თქმით, კონკრეტული ბრძანება არ ყოფილა და მათ კანონის შესაბამისად იმოქმედეს.

აქციის მონაწილეები და ოპოზიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელთან მისვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

პარლამენტში შესვლას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრი გიორგი თევდორაძე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ცდილობდნენ, მათ საშვების მიუხედავად, ამის საშუალება არ მიეცათ.

დღის ამბები