"საკონცენტრაციო ბანაკში არ ექცეოდნენ ადამიანებს ისე, როგორც იქცეოდა წუხელ ხელისუფლება,"- ასე შეაფასა "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა სპეცრაზმის მიერ 26 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა.
ელისაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ დემონსტრანტების მოთხოვნა არა სახელმწიფო გადატრიალება, არამედ ვადამდელი პროპორციული არჩევნებია.
"საკონცენტრაციო ბანაკში არ ექცეოდნენ ადამიანებს ისე, როგორც იქცეოდა წუხელ ხელისუფლება. შეშას რომ არ აძლევ ადამიანს, მერე დილის 5 საათზე წყალს რომ ასხამ, რატო ასხამდნენ წყალს, სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს? ვინმე სადმე შენობაში იჭრებოდა? პირველად, რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე არ მესმის "გადადექი", "გადადექი" და მესმის "პროპორციული არჩევნები". ამაზე ცივილიზებული რაღა შეიძლება ხალხმა მოითხოვოს, ამაზე პასუხი კი წყლის ჭავლია, 10 ათასობით პოლიციელი, სპეცრაზმელი და ჯავშანტრანსპორტია. ვადამდელი პროპორციული არჩევნები დაინიშნოს და კაციშვილი არ გამოვა ჩემდათავად ქუჩაში,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი ხელისუფლებას მოუწოდებს მოვლენები მშვიდობიან კალაპოტში დააბრუნოს.
"სადამდე უნდა შევიდეს ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში იმის შემდეგ, რომ მას სპეცრაზმი გაუსუფთავებს გზას, ადამიანების ცემის, თავ-პირის მტვრევის და დაზარალების და დაშავების ხარჯზე. შემიძლია ძალიან მკაფიოდ ვუთხრა ხელისუფლებას, რომ საზოგადოებას ნერვები ეყოფა, იმიტომ რომ სიმართლე მათ მხარესაა, მათ კი ნერვები არ ეყოფათ, მოთმინება აუცილებლად უმტყუნებთ, იმიტომ რომ სიმართლე არაა მათ მხარეს. ისინი კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ, თუმცა ხელისუფლებას აქვს შანსი ყველაფერი ეს მშვიდობიან კალაპოტში დააბრუნონ, თუ თავისუფალ არჩევნებს დაუბრუნებს საზოგადოებას,"- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.